მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

მეფუტკრეობის პროგრამა - განაცხადის ფორმა

საერთო კრების ოქმის (მეფუტკრეობა) ნიმუში

მთავრობის დადგენილება

პროგრამაში განაცხადების მიღება შეჩერებულია.

სააგენტოს თანადაფინანსება

პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე.

კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა :

  • ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი; დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკა;
  • თაფლის საწური (ციბრუტი);
  • თაფლის შესანახი ავზი;
  • ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
  • ფიჭის ანათლის ავზი;
  • ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.

სააგენტო უზრუნველყოფს როგორც ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული, ისე თანადაფინანსებით შესყიდული სკების აღრიცხვას/რეგისტრაციას, რომლის წესს დაადგენს სააგენტო.

ბენეფიციარს, პროგრამით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები

წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • კოოპერატივის წარმომადგენელობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • შედარების აქტი ან/და ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • კოოპერატივის წევრთა და მეპაიეთა რეესტრის ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის მეპაიეთა კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების, ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ;
  • იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ან/და ცნობა დამტკიცებული სესხის შესახებ ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 30%, პროგრამით განსაზღვრული დამატებითი შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში არანაკლებ 20%);
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობის შესახებ;
  • კოოპერატივის საბანკო რეკვიზიტები;
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოს(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენასაც განსაზღვრავს სააგენტო.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები

ვებგვერდზე რეგისტრაცია :

  • პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.cooperatives.rda.gov.ge, გაეცნოს პროგრამის პირობებს, ჩამოტვირთოს განაცხადის ფორმა და რეგისტრაციის გასავლელად გადავიდეს „ავტორიზაცია/რეგისტრაციის“ გვერდზე;
  • რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
  • პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
  • რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისათვის;
  • აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ ვებგვერდზე განაცხადის გაკეთებას რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტს ნომერზე: 1501.

განაცხადის შევსება :

  • განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი
  • შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • პროგრამების ჩამონათვალიდან ირჩევს “მეფუტკრეობის პროგრამას“ და განაცხადის შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
  • ტვირთავს შევსებულ განაცხადის ფორმას და ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას;
  • განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
  • გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
  • განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.