მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
2020 წლის 11 აგვისტოდან, პროგრამაში შემოსული განაცხადები არ განიხილება, გარდა მაღალმთიანი დასახლებებში რეგისტრირებული კოოპერატივების განაცხადებისა.

2020 წლის 6 სექტემბრის შემდგომ, მაღალმთიანი დასახლებებში რეგისტრირებული კოოპერატივების განაცხადები აღარ განიხილება.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - დადგენილება

მევენახეობის პროგრამა - განაცხადის ფორმა

საერთო კრების ოქმის (ვენახი) ნიმუში

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 2 მარტიდან.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ღვინის საწარმოს დანადგარებით აღჭურვას.

პროგრამის მიზანი

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მევენახეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • ქვეყანაში წარმოებული ყურძნის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული ყურძნის გადამუშავების ხელშეწყობა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა;
  • წარმოებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

თანადაფინანსება და ბენეფიციარის თანამონაწილეობა

  • სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 100 ტონა ყურძნის გადამუშავებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის არაუმეტეს 90%-იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 500,000 ლარისა.
  • იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის განხორციელება დაგეგმილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სააგენტოს თანადაფინანსება მოიცავს არანაკლებ 50 ტონა ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების შესყიდვის არაუმეტეს 95%-იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 500,000 ლარისა.
  • სააგენტოს თანადაფინანსება არ მოხმარდება შენობა-ნაგებობის აშენება-მოწყობის/რემონტის/რეკონსტრუქციის ხარჯებს.

ტექნიკური დახმარება

  • ბენეფიციარი პროგრამის ფარგლებში მიიღებს ტექნიკურ დახმარებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებაში დახმარებას, მარკეტინგულ მხარდაჭერას, სწავლებასა და კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით: ვენახის მოვლა, ღვინის პირველადი გადამუშავება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობები და სამართლებრივი რეგულაციები.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

მუხლი 4.

პუნქტი 1. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს :

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 20 მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი;
  • „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 10 მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 10 ჰექტარი ვენახი;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი;
  • იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი პროექტს განახორციელებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 7 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახი;
  • არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება;
  • საკუთრებაში გააჩნიათ ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი, რომელზეც დასაშვებია, აშენდეს ღვინის საწარმოს შენობა-ნაგებობა;
  • პოტენციურ ბენეფიციარს გააჩნია ამ პროგრამის ფარგლებში ასაშენებელი/სარეკონსტრუქციო შენობისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრები (საჭიროების შემთხვევაში);
  • იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის 2 (ორი) ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი (რომელზეც გაშენებულია ვენახი) ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში;
  • პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

პუნქტი 2. შენობა-ნაგებობა, რომელშიც უნდა განთავსდეს სააგენტოს თანადაფინანსებით შესყიდული მანქანა-დანადგარები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს :

  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს მანქანა-დანადგარების გამართულად განთავსებისათვის/ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი პირობებით;
  • უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის ჰიგიენის ზოგად წესს.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები :

ვებგვერდზე რეგისტრაცია

  • პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.rda.gov.ge ან www.cooperatives.rda.gov.ge, გაეცნოს პროგრამის პირობებს, ჩამოტვირთოს http://cooperatives.rda.gov.ge/client/files/მევენახეობის პროგრამა - განაცხადის ფორმა.docxგანაცხადის ფორმა და რეგისტრაციის გასავლელად გადავიდეს „ავტორიზაცია/რეგისტრაციის“ გვერდზე;
  • რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
  • პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
  • რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისთვის;
  • აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ საიტზე განაცხადის გაკეთებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

განაცხადის შევსება

განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი :

  • შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • პროგრამების ჩამონათვალიდან ირჩევს „მევენახეობის პროგრამას“ და განაცხადის შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
  • ტვირთავს შევსებულ განაცხადის ფორმას და ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას;
  • განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
  • გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
  • განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  1. კოოპერატივის წარმომადგენელობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი ( მინდობილობა ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  2. ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  4. კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  5. შედარების აქტი ან/და ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  6. ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების, ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ, რომელიც დამატებით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პროექტის ფარგლებში შესაქმნელი/შესაძენი ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები, შენობა-ნაგებობა და სხვა.) ჩამონათვალი და სააგენტოს სასარგებლოდ აღნიშნული ძირითადი საშუალებებისა და კოოპერატივის/მეპაიეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის (არანაკლებ 20 ჰა და არანაკლებ 10 ჰა ვენახი მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში) იპოთეკა/გირავნობით დატვირთვაზე გადაწყვეტილება;
  7. ამონაწერი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და მიწის ნაკვეთის არსებობის შესახებ, რომელზეც დასაშვებია აშენდეს ღვინის საწარმოს შენობა-ნაგებობა;
  8. ამონაწერ(ებ)ი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არანაკლებ 20 ჰა ვენახის („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში განსახორციელებელ პროექტზე არანაკლებ 10 ჰა ვენახი) არსებობის დამადასტურებლად. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 14 მეპაიეს (მაღალმთიან დასახლებაში განსახორციელებელ პროექტზე არანაკლებ 7 მეპაიეს) ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს - არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახი (მაღალმთიან დასახლებაში განსახორციელებელ პროექტზე არანაკლებ 0,1ჰა);
  9. შენიშვნა : (კოოპერატივში პაის ან/და დამატებითი პაის სახით მიწების შეტანის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მეპაიეთა შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი კრების ოქმი და საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერი მიწის ნაკვეთ(ებ)ის კოოპერატივის საკუთრებაში დარეგისტრირების დამადასტურებლად.

  10. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში პროგრამის პირობებით გათვალისწინებული მოცულობის ვენახის ნარგაობის არსებობის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მიწ(ებ)ის საკადასტრო კოდები;
  11. სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, საწარმოს შენობის, შესასყიდი მანქანა დანადგარების და დაგეგმილი საწარმოებელი პროდუქციის ურთიერთშესაბამისობის შესახებ, დამატებით უნდა იყოს მითითებული თუ რამდენი ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს საწარმოს. ცნობას დანართის სახით თან უნდა ერთვოდეს ცნობის ასაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები;
  12. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს შენობის სურსათის ჰიგიენის ზოგად პირობებთან შესაბამისობის შესახებ“;
  13. ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი პროექტის ღირებულების შესავსებად − ცნობა/ამონაწერი ბანკიდან ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ან/და ცნობა დამტკიცებული სესხის შესახებ ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი („მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში განსახორციელებელ პროექტზე, პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით, სხვა შემთხვევაში არანაკლებ 10%-ის ოდენობით);
  14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოს(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
  15. შენობის აშენების შემთხვევაში, გაცემული მშენებლობის ნებართვა.
  16. კოოპერატივის საბანკო რეკვიზიტები.

არასავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

  1. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა საწარმოს შენობის სურსათის ჰიგიენის ზოგად პირობებთან შესაბამისობის შესახებ“, იმ შემთხვევაში თუ შენობა არაა აშენებული და/ან საჭიროებს რეკონსტრუქციას ;
  2. პროგრამის ფარგლებში ასაშენებელი/სარეკონსტრუქციო შენობისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);
  3. სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენის აუცილებლობას განსაზღვრავს სააგენტო.

თანადაფინანსების მიღების შემდგომ მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები :

ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) რთვლის სეზონის განმავლობაში :

  • საკუთარი თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოს განსათავსებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება/რემონტი ან/და მოწყობა/რეკონსტრუქცია;
  • არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე. სააგენტოს წინასწარი ნებართვის არსებობის შემთხვევაში, საწარმოს შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისების შემთხვევაში;
  • არ დაუშვას პროგრამის დადგენილი ვენახის ფართობებისა და მეპაიეთა რაოდენობის შემცირება;
  • შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი;
  • უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 100 ტონა ყურძნის (50 ტონა მაღალმთიანში) გადამუშავება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოების გამო.
  • ბენეფიციარმა, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის, შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით უნდა დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა. ამავდროულად, დასაშვებია, სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.

თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

  • განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

მონიტორინგი :

  • პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
  • ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება, სალაროს ჩეკი და სხვა).