სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა - დადგენილება

ბრენდირების პროგრამა - განაცხადის ფორმა

საერთო კრების ოქმის (ბრენდირება) ნიმუში

პროგრამაში რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივების მიერ პროდუქციის წარმოების პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

პროგრამის მიზანი

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული სურსათის უვნებლობის/მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა.
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წარმოებული პროდუქტის პოპულარიზებაში ფინანსური მხარდაჭერა.

პროგრამის კომპონენტები და თანადაფინანსება

მუხლი 3.

  1. პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს :
    • საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვას;
    • ბრენდირებას.
  2. ბრენდირების კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, კოოპერატივს ასევე შეუძლია, მოითხოვოს წარმოებული პროდუქტის ბრენდირებისათვის/საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის შეძენაში თანადაფინანსება.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების არანაკლებ 10%-ს დაფარავს ბენეფიციარი, არაუმეტეს 90%-ს კი – სააგენტო ან/და დონორი, მაგრამ არაუმეტეს 13,500 ლარისა. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის, არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
  4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღჭურვილობის ღირებულების არანაკლებ 30%-ს დაფარავს ბენეფიციარი და არაუმეტეს 70%-ს კი – სააგენტო ან/და დონორი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. დონორის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოსა და დონორის მიერ დასაფარი თანხის ოდენობა განისაზღვრება მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

მუხლი 5.

ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • საკუთრებაში აქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების მიერ წარმოებული/მიწოდებული რძის გადამუშავებას;
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;

ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენისას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს :

  • „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
  • პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადის წარდგენის თარიღისთვის აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს და ახდენს მის რეალიზაციას;
  • არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;

თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

  • პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.
  • განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები :

ვებგვერდზე რეგისტრაცია

  • პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი (კოოპერატივი) უნდა შევიდეს ვებგვერდზე www.rda.gov.ge ან www.cooperatives.rda.gov.ge, გაეცნოს პროგრამის პირობებს, ჩამოტვირთოს განაცხადის ფორმა და რეგისტრაციის გასავლელად გადავიდეს „ავტორიზაცია/რეგისტრაციის“ გვერდზე;
  • რეგისტრაციის გვერდზე ველებში შეიყვანოს კოოპერატივისა და მისი წარმომადგენლის შესახებ მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია;
  • პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების შევსების და რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდგომ კოოპერატივის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ გაეცნო და აცხადებს თანხმობას ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პროგრამის პირობებზე და აჭერს ღილაკს „თანხმობა“;
  • რეგისტრაციის მოთხოვნა ავტომატურად იგზავნება სისტემაში და პოტენციური ბენეფიციარი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს მომხმარებლის სახელს და პაროლს, რომელსაც გამოიყენებს ვებგვერდზე საკუთარ პანელზე შესვლისთვის;
  • აღნიშნულ სისტემაში უკვე რეგისტრირებული კოოპერატივები შეძლებენ საიტზე განაცხადის გაკეთებას ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. პაროლის აღდგენისთვის კოოპერატივი უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე 1501.

განაცხადის შევსება

განაცხადის შესავსებად კოოპერატივის წარმომადგენელი/უფლებამოსილი პირი :

  • შედის ვებგვერდის მართვის საკუთარ პანელში მომხმარებლის სახელით და პაროლით, რომელიც მიიღო რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
  • პროგრამების ჩამონათვალიდან ირჩევს “ბრენდირების პროგრამას“ და განაცხადის შესავსებად აჭერს ღილაკს „დამატება“;
  • ტვირთავს შევსებულ განაცხადის ფორმას და ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ვერსიას;
  • განაცხადის გაგზავნაზე დაჭერით ეცნობა საინფორმაციო ფანჯარაში გამოტანილ ტექსტს და ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ თუ პროგრამის განმახორციელებელი ნებისმიერი მხარისთვის გახდება ცნობილი ბენეფიციარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, ეს შესაძლოა გახდეს თანადაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ან/და მიღებული თანადაფინანსების უკან გამოთხოვის საფუძველი;
  • გაგზავნილი განაცხადის კორექტირება დაუშვებელია;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - უარყოფილი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულყოფილია, განაცხადს სისტემაში ენიჭება სტატუსი - დადასტურებული.
  • განაცხადის განხილვის დასრულების შესახებ ინფორმაციას განმცხადებელი მიიღებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

  1. შევსებული განაცხადის ფორმა;
  2. კოოპერატივის წარმომადგენელი პირის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  3. ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  4. შედარების აქტი ან/და ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  5. კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი;
  6. ნოტარიულად დამოწმებული კოოპერატივის კრების ოქმი „ბენეფიციარის თანადაფინანსების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმების, ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს მთავრობის №365 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ;
  7. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
  8. ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − ცნობა ბანკიდან ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ან/და ცნობა დამტკიცებული სესხის შესახებ ან/და დაფინანსების ალტერნატიული წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, დამატებითი აღჭურვილობის შესყიდვის შემთხვევაში აღჭურვილობის ღირებულების არანაკლებ 30%);
  9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას: საკუთრებაში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს და კანონმდებლობის შესაბამისად კოოპერატივის ან/და მისი მეპაიეების მიერ წარმოებული/მიწოდებული რძის გადამუშავების შესახებ (HACCP სისტემის დანერგვის მოთხოვნის შემთხვევაში).
  10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების შესახებ (ბრენდირების მოთხოვნის შემთხვევაში);
  11. კოოპერატივის საბანკო რეკვიზიტები;
  12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოს(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
  13. სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარმოდგენასაც განსაზღვრავს სააგენტო.

ბენეფიციარის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები :

  1. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოდან ბიზნესოპერატორის უვადო აღიარება და შეინარჩუნოს თანადაფინანსების მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
  2. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია :
    • თანადაფინანსების მიღებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აწარმოოს ბრენდირებული პროდუქცია;
    • დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შესყიდული აღჭურვილობის წარმოებაში გამოყენება, თანადაფინანსების მიღებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.

მონიტორინგი :

  • პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
  • ბენეფიციარმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროგრამის საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასთან, მიზნობრიობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.